პარ, 5 ივნ, 2026
ინდუსტრია

„ყველაზე მარტოსული ფერი“: დაუფასებელი პოტენციალი ინტერიერში

ხშირად, თაროზე შემოდებულ და ყველასგან დავიწყებულ ნივთებს (ან ამ შემთხვევაში – ფერებს) ყველაზე საინტერესო სათქმელი აქვთ. საღებავების მწარმოებელმა კომპანია Sherwin-Williams-მა გადაწყვიტა, შანსი...

ხშირად, თაროზე შემოდებულ და ყველასგან დავიწყებულ ნივთებს (ან ამ შემთხვევაში – ფერებს) ყველაზე საინტერესო სათქმელი აქვთ. საღებავების მწარმოებელმა კომპანია Sherwin-Williams-მა გადაწყვიტა, შანსი მისცეს იმ ფერს, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში ყველაზე ბოლოს ირჩევდნენ.

კომპანიამ 2026 წლის „ყველაზე მარტოსულ ფრად“ Offbeat Green SW 6706 დაასახელა. ეს არის მკვეთრი ლაიმისფერი მწვანე, რომელსაც თბილი, ყვითელი ტონები არბილებს. იმ ფონზე, როდესაც ინტერიერის დიზაინში კვლავ ნეიტრალური, მშვიდი პალიტრა დომინირებს, ეს დაუფასებელი ფერი სრულიად განსხვავებულ ალტერნატივას გვთავაზობს. ის იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, საკუთარ საცხოვრებელ სივრცეს მეტი ხასიათი და პიროვნულობა შესძინოს.

Sherwin-Williams-ის დიზაინერების რჩევით, ეს ფერი განსაკუთრებით კარგად მუშაობს აქცენტებზე. მისი გამოყენება იდეალურია სამზარეულოს კარადებზე, შემოქმედებით სამუშაო სივრცეებში ან აბაზანებში. Offbeat Green ასევე ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ ტექსტურებსა და მიწიერ ტონებს. ამ კამპანიის მთავარი გზავნილიც სწორედ ისაა, რომ ყველაზე პოპულარული არჩევანი ყოველთვის საუკეთესოს არ ნიშნავს – მნიშვნელოვანია, მომხმარებელი მიმდინარე ტრენდების ნაცვლად, საკუთარ ინსტინქტებს ენდონ და თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კამპანია მხოლოდ დიზაინსა და საღებავებს არ ეხება. Sherwin-Williams-მა ითანამშრომლა ლებრონ ჯეიმსის ოჯახის ფონდთან და მხარი დაუჭირა PROMISE Project-ს, რომელიც ოჰაიოს შტატში, ქალაქ აკრონში მდებარეობს. ამ ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც პირველად ყიდულობენ სახლს, გაუმარტივოს მათ ეს რთული პროცესი საგანმანათლებლო რესურსებით და შექმნას გარემო, სადაც ისინი საკუთარი მომავალი სახლის ვიზუალიზაციას შეძლებენ.

კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსის განცხადებით, ეს კოლაბორაცია იდეალურად ეხმიანება ფონდის მისიას – დაეხმაროს ოჯახებს საკუთარი პოტენციალის დანახვაში. მისი თქმით, ისევე როგორც ეს კონკრეტული მწვანე ფერი იყო დაუფასებელი, მიუხედავად თავისი უდიდესი პოტენციალისა, ასევე სჭირდებათ ადამიანებს მხარდაჭერა, რათა ირწმუნონ, რომ მიუღწეველი არაფერია და წინ თავდაჯერებულად იარონ.

წყარო: Design Taxi