ასტრონომების განცხადებით, მძლავრი კოსმოსური ქარები ხსნის იმ საიდუმლოს, თუ რატომ არის ადრეული სამყარო სავსე „მკვდარი“ გალაქტიკებით იმ პერიოდში, როდესაც ისინი წესით უნდა იზრდებოდნენ და განვითარების პიკში იყვნენ.
ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ტელესკოპ ჯეიმს ვების (JWST) გამოყენებით სამყაროს შექმნიდან სულ რაღაც 1 მილიარდი წლის შემდეგ არსებულ გალაქტიკას დააკვირდნენ. მათ ნელი, მაგრამ დამანგრეველი კატასტროფა აღმოაჩინეს: გალაქტიკიდან ცივი აირის უზარმაზარი ნაკადი გამოედინებოდა, რაც მას ვარსკვლავების წარმოსაქმნელად საჭირო სასიცოცხლო მასალისგან ცლიდა.
„მკვდარი“ ეწოდება გალაქტიკას, რომელშიც ახალი ვარსკვლავები აღარ იბადება. 2022 წელს, როდესაც ტელესკოპმა ჯეიმს ვებმა მუშაობა დაიწყო, მეცნიერებმა ადრეულ სამყაროში ასეთი გალაქტიკების მთელი „სასაფლაო“ აღმოაჩინეს. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა მოლოდინებს, რადგან გაუგებარი იყო, როგორ მოასწრეს მათ „სიკვდილი“ მაშინ, როცა სიცოცხლისთვისაც კი მცირე დრო ჰქონდათ. მელბურნის სვინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომისა და კვლევის მთავარი ავტორის, რებეკა დევისის თქმით, დაკვირვების ობიექტი აგონიის პროცესშია და გაზის ასეთი სწრაფი ამოფრქვევის გაგრძელების შემთხვევაში, გალაქტიკა 50 მილიონ წელზე ნაკლებ დროში სრულად „მოკვდება“.
რა იწვევს დამანგრეველ ქარებს?
აქამდე არსებული ერთ-ერთი ვერსიით, სამყაროს გაფართოების მამოძრავებელი ბნელი ენერგია ადრეულ სამყაროში უფრო ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უახლესი მონაცემებით ბნელი ენერგია მართლაც შეიძლება სუსტდებოდეს, მეცნიერები აცხადებენ, რომ გალაქტიკების ნაადრევი სიკვდილის ასახსნელად მძლავრი ქარები უფრო ლოგიკურ და მარტივ პასუხს გვთავაზობს.
ძველი თეორიით, ასეთი ქარების გამოწვევა მხოლოდ სუპერმასიურ შავ ხვრელებს შეეძლოთ, მაგრამ ახალი კვლევა უფრო გავრცელებულ მექანიზმზე მიუთითებს. დაკვირვების ობიექტი, CRISTAL-02, სინამდვილეში შერწყმის ბოლო ეტაპზე მყოფი რამდენიმე გალაქტიკის კლასტერია. ადრეულ სამყაროში, როდესაც გარემო უფრო მკვრივი იყო, ასეთი შეჯახებები ბევრად ხშირად ხდებოდა. შერწყმისას გაზები ცენტრისკენ მიედინება და ვარსკვლავების დაბადების მასშტაბურ პროცესს იწვევს.
პარადოქსული სიკვდილი: როდესაც მკვლევრებმა CRISTAL-02 ჯეიმს ვებისა და ALMA-ს რადიოტელესკოპით დააფიქსირეს, აღმოჩნდა, რომ მასში ვარსკვლავები ორჯერ უფრო სწრაფად იქმნება, ვიდრე მისი ზომის სხვა გალაქტიკებში. თუმცა პარადოქსულია, რომ სწორედ ვარსკვლავების დაბადების ეს სწრაფი ტემპი კვებავს იმ ქარს, რომელიც გალაქტიკას ანადგურებს. ახლად დაბადებული მასიური ვარსკვლავები სწრაფად იწვებიან და მძლავრ სუპერნოვებად ფეთქდებიან. ეს აფეთქებები საკუთარ კოსმოსურ ქარებს წარმოქმნის, რომლებიც ერთიანდება და საბოლოოდ, გალაქტიკიდან მთელ აირს დევნის. მარტივად რომ ვთქვათ, გალაქტიკას ანადგურებს სწორედ ის ძალა, რომელსაც თავადვე აძლევს დასაბამს.
„ადრეული მასიური გალაქტიკების თითქმის ნახევარი სხვა გალაქტიკებთან ინტერაქციაშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს არა უბრალო ანომალია, არამედ ფართოდ გავრცელებული კოსმოსური ფენომენია“, – აცხადებს რებეკა დევისი.
სწორედ ამიტომ, თუ ბევრი ადრეული გალაქტიკა ერთმანეთს ეჯახება და სწრაფად იზრდება, სრულიად ბუნებრივია, რომ ადრეულ სამყაროში ამდენ „მკვდარ“ გალაქტიკას ვხედავთ.
წყარო: Futurism

