სამ, 9 ივნ, 2026
ინდუსტრიის სიახლეები

Apple-ის ახალი ერა: განახლებული Siri AI, Google-თან პარტნიორობა და ტიმ კუკის წასვლა

Apple-მა თავის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენციაზე (WWDC) Siri-ს მასშტაბური განახლება დააანონსა. წლების განმავლობაში არსებული მოლოდინისა და ტექნიკური შეფერხებების შემდეგ, ხმოვანი ასისტენტი Apple Intelligence-თან...

Apple-მა თავის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენციაზე (WWDC) Siri-ს მასშტაბური განახლება დააანონსა. წლების განმავლობაში არსებული მოლოდინისა და ტექნიკური შეფერხებების შემდეგ, ხმოვანი ასისტენტი Apple Intelligence-თან ინტეგრირდება და მას ახლა Siri AI ერქმევა.

რა იცვლება Siri-ში?

ახალი Siri, რომელიც ფართო მომხმარებლისთვის შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივი კითხვა-პასუხის რეჟიმიდან უფრო მეტად ChatGPT-ისა და Google Gemini-ს მსგავს ჩატბოტად გარდაიქმნება. ამ განახლების უკან სწორედ Google-ის Gemini AI მოდელი დგას, რაც ორ კომპანიას შორის გაფორმებული მილიარდდოლარიანი შეთანხმების შედეგია. ასისტენტს ექნება სრულიად დამოუკიდებელი აპლიკაცია და შეძლებს ტექსტის კორექტირებას, საყიდლების დაგეგმვას, კალენდარში მოვლენების დამატებასა და კამერის გამოყენებით საკვების კვებითი ღირებულების ამოცნობას. გარდა ამისა, ის სრულად ინტეგრირდება Apple-ის ეკოსისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეაგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა აპლიკაციიდან და რთულ დავალებებს ერთ სივრცეში შეასრულებს. მაგალითად, ფოტოზე ლოკაციის ამოცნობა, მეგობრის მისამართის მოძიება და მარშრუტის დაგეგმვა უშუალოდ Siri-ს ინტერფეისში მოხდება, აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე. საწყის ეტაპზე ის მხოლოდ ინგლისურ ენაზე იმუშავებს.

ბავშვთა უსაფრთხოების ახალი ზომები

კონფერენციაზე Apple-მა ბავშვების ანგარიშების მართვის განახლებული სისტემაც წარადგინა, რომელიც მშობლებს მეტ კონტროლს ანიჭებს. მათ შეეძლებათ, შეზღუდონ ბავშვების კომუნიკაცია და გააკონტროლონ, რა კონტენტზე ან აპლიკაციებზე ექნებათ წვდომა. Safari-ში ახალ ვებსაიტებზე შესასვლელად მოზარდებს მშობლების წინასწარი თანხმობა დასჭირდებათ, ხოლო თავად სისტემა პროაქტიულად დააკვირდება შეტყობინებებს და ძალადობრივ ან შემაშფოთებელ კადრებს ავტომატურად დაბლარავს. ამასთან, გამარტივდა ეკრანის დროის მართვის ინტერფეისიც. ახლა უკვე მარტივად არის შესაძლებელი იმის ნახვა, თუ რომელ აპლიკაციაში რამდენ ხანს ატარებს ბავშვი. მშობლებს შეუძლიათ დღიური ლიმიტების დაწესება საკუთარი სურვილით, ან ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ლიდერობის ცვლილება და წარსული გამოწვევები

ღონისძიებაზე დადასტურდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებაც. შემოდგომაზე 65 წლის ტიმ კუკი, 15-წლიანი მმართველობის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს და მის ადგილს Apple-ის აპარატურის (hardware) განყოფილების ხელმძღვანელი, ჯონ ტერნუსი დაიკავებს. ტერნუსის ხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს საქმე ისე უნდა გაუმარტივოს, რომ მათ ეს პროცესი ვერც კი შეამჩნიონ.

Apple-ის ეს წინსვლა განსაკუთრებით საყურადღებოა წარსული იურიდიული პრობლემების ფონზე. მაისში კომპანია დათანხმდა $250-მილიონიანი ჯარიმის გადახდას იმ ჯგუფური სარჩელის დასარეგულირებლად, რომელიც ეფლს Siri-ის AI შესაძლებლობების შესახებ არასწორი რეკლამირებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა $95-მდე კომპენსაცია მიიღეს, Apple-ს ბრალეულობა არ უღიარებია. დღეს კი კომპანიის ხელმძღვანელები ხაზს უსვამენ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ტექნოლოგიას მხოლოდ ტექნოლოგიის გულისთვის ავითარებენ, Apple-ის მიზანია, ეს მძლავრი ინსტრუმენტი უშუალოდ ადამიანების რეალურ საჭიროებებს მოემსახუროს.

წყარო: The Guardian