სამ, 21 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მეცნიერება

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად სრულფასოვანი სასიცოცხლო ციკლის მქონე სინთეტიკური უჯრედი შექმნეს

მეცნიერების განცხადებით, მათ ისტორიაში პირველად, არაცოცხალი ქიმიური კომპონენტებისგან შექმნეს სინთეტიკური უჯრედი, რომელიც ბუნებრივი უჯრედის მსგავსად იკვებება, იზრდება და მრავლდება. მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევართა...

მეცნიერების განცხადებით, მათ ისტორიაში პირველად, არაცოცხალი ქიმიური კომპონენტებისგან შექმნეს სინთეტიკური უჯრედი, რომელიც ბუნებრივი უჯრედის მსგავსად იკვებება, იზრდება და მრავლდება. მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა, რომელსაც სინთეტიკური ბიოლოგი კეიტ ადამალა ხელმძღვანელობს, ამ ქმნილებას „SpudCell“ უწოდა. მათი თქმით, ეს არის პირველი სინთეტიკური უჯრედი სრული სასიცოცხლო ციკლით, რამაც შესაძლოა ბიოტექნოლოგიებში სრულიად ახალ ერას დაუდოს სათავე. მომავალში ამ მიდგომამ კიბოსთან ბრძოლისა თუ ნახშირბადის შთანთქმის მიმართულებით სრულიად ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს.

ადამალას განმარტებით, ამ მიღწევამ დაამტკიცა, რომ სიცოცხლის ფუნდამენტურ ფუნქციებს, როგორიცაა ზრდა და გამრავლება, არანაირი „მაგიური ნაპერწკალი“ არ სჭირდება. SpudCell დაახლოებით 150-დან 200-მდე მოლეკულისგან შედგება და ყველაზე მეტად ბაქტერიას წააგავს, თუმცა ბუნებრივ უჯრედებზე, რომლებიც მილიარდობით მოლეკულას იტევს, ბევრად მარტივია. ვინაიდან ის ნულიდან არის აგებული, მეცნიერებმა ზუსტად იციან მისი შემადგენლობა და ქიმიური კონცენტრაციები, რაც უჯრედის ინჟინერიისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

მიუხედავად დიდი მიღწევისა, კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და უჯრედი დამოუკიდებლად ვერ არსებობს. ის საკუთარ ცილებს ვერ აწარმოებს, ამიტომ მეცნიერებს მისი რეგულარულად, გარედან კვება უწევთ. გარდა ამისა, მისი გამრავლება საკმაოდ ნელი პროცესია – ბუნებრივი ბაქტერიებისგან (მაგალითად, E. coli) განსხვავებით, რომლებიც 30 წუთში იყოფა, SpudCell-ს 86 გრადუს ფარენჰეიტზე გასამრავლებლად დაახლოებით 12 საათი სჭირდება და მისი სასიცოცხლო ციკლი მხოლოდ ხუთ თაობას მოიცავს.

ეს აღმოჩენა მეცნიერებში სერიოზულ დისკუსიას იწვევს იმის შესახებ, თუ რა მიიჩნევა „სიცოცხლედ“. სტენფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დრიუ ენდის აზრით, ადამალამ უჯრედი კი შექმნა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სიცოცხლე, რადგან მას დამოუკიდებლად ევოლუცია შემქმნელების მუდმივი მზრუნველობის გარეშე არ შეუძლია. თუმცა სხვა ექსპერტები, მათ შორის ჯონ გლასი, მიიჩნევენ, რომ ეს ნამუშევარი ხელოვნური სიცოცხლის შექმნის გზაზე გადადგმული უდიდესი ნაბიჯია და ის ბევრად ახლოსაა „ცოცხალთან“, ვიდრე ამ სფეროში აქამდე არსებული ნებისმიერი სხვა სინთეტიკური ქმნილება.

წყარო: Futurism