კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მეცნიერება

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს სხეულს?

როდესაც ეკრანთან გატარებული დროის მავნე ზეგავლენაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში, გონებრივი და ფსიქოლოგიური პრობლემები გვახსენდება. თუმცა უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ სმარტფონები და სხვა...

როდესაც ეკრანთან გატარებული დროის მავნე ზეგავლენაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში, გონებრივი და ფსიქოლოგიური პრობლემები გვახსენდება. თუმცა უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ სმარტფონები და სხვა ციფრული მოწყობილობები ჩვენს ფიზიკურ სხეულსაც მნიშვნელოვნად ცვლის – აზიანებს ხერხემალს, მხედველობას, კანს, მოტორულ უნარებსა და კუნთების სიძლიერეს. საბედნიეროდ, ამ პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ეკრანის ყურებისას თავის დახრა კისერზე დაახლოებით 27 კილოგრამამდე ზეწოლას ქმნის. დროთა განმავლობაში ეს პოზა აზიანებს ხერხემლის დისკებს, იწვევს სახსრებისა და კუნთების დეგენერაციას და ფილტვების მოცულობასაც კი ამცირებს. ამ სინდრომს ექიმები „ტექნოლოგიურ კისერს“ უწოდებენ. პრობლემის მოსაგვარებლად, უმარტივესი გამოსავალია მოწყობილობის თვალის დონეზე, სახიდან დაახლოებით მკლავის სიგრძის დისტანციაზე დაჭერა. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, ყოველ ნახევარ საათში 20-წუთიანი შესვენება მოვაწყოთ.

გარდა ხერხემლისა, ტექნოლოგიები კანის პრობლემებსაც იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ „ტექნოლოგიური კისრის“ გამო გაჩენილი ნაოჭების შესახებ კვლევები ჯერ კიდევ არასაკმარისია, სმარტ-საათების მუდმივი ტარების უარყოფითი შედეგები უკვე დადასტურებულია. საათის ქვეშ არსებული ბნელი და ნესტიანი გარემო იდეალურია სოკოსა და ეგზემის გასაჩენად. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ნიკელზე, რეზინსა და ტექნიკაში გამოყენებულ სხვა ქიმიკატებზე. დერმატოლოგების რჩევით, აუცილებელია საათის ხშირად მოხსნა, კანის გასუფთავება და დამცავი კრემების გამოყენება.

რაც შეეხება მხედველობას, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახლომხედველობის (მიოპიის) მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის 20-წლიანი კვლევის მიხედვით, პრობლემის მთავარი მიზეზი არა უშუალოდ ეკრანთან ახლოს ჯდომა, არამედ ღია სივრცეში გატარებული დროის შემცირებაა. მზის ბუნებრივი შუქი ბადურაში დოფამინის გამოყოფას ასტიმულირებს, რაც თვალის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელია. ამიტომ, მხედველობის დასაცავად საუკეთესო გამოსავალი გარეთ მეტი დროის გატარებაა (რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი კრემისა და სათვალის გამოყენებით).

კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია მტევნის მოჭიდების ძალის შემცირებაა, რაც ადამიანის საერთო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. კომპიუტერთან მჯდომარე მუშაობამ და ფიზიკური აქტივობის კლებამ გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდა თაობებს სულ უფრო სუსტი ხელები აქვთ. ამის გამოსასწორებლად რეკომენდებულია ჩოგბურთის ბურთის 15-30 წამით ძლიერად მოჭერა და ზოგადად, სავარჯიშო დარბაზში ფიზიკური სიძლიერის განვითარება.

ბოლოს, ტექნოლოგიები უარყოფითად მოქმედებს წვრილ მოტორულ უნარებსა და ხელისა და თვალის კოორდინაციაზე. მართალია, ეკრანზე სქროლვასა და დაკლიკებაში უფრო დავხელოვნდით, მაგრამ რეალურ სამყაროში ხელების გამოყენების უნარი გვიქვეითდება, რაც განსაკუთრებით ბავშვების კოგნიტიურ და აკადემიურ განვითარებაზე აისახება. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეკრანების სრულად აკრძალვის ნაცვლად, ყოველდღიურობაში მეტი ხელით შესასრულებელი საქმე შემოვიტანოთ — მაგალითად, კერძების მომზადება, ხეზე მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან უბრალოდ, კალმით წერა.

წყარო: BBC