პარ, 12 ივნ, 2026
ინდუსტრია

ბელგიის ეროვნული ნაკრების ახალი სიურრეალისტური ფორმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც „წითელ ეშმაკებს“ უწოდებენ, მოედანზე სიურრეალიზმი შემოაქვს. გუნდის გასვლითი მაისური, რომელიც Adidas-თან თანამშრომლობით შეიქმნა,...

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც „წითელ ეშმაკებს“ უწოდებენ, მოედანზე სიურრეალიზმი შემოაქვს. გუნდის გასვლითი მაისური, რომელიც Adidas-თან თანამშრომლობით შეიქმნა, ბელგიელი ხელოვანის, რენე მაგრიტის შემოქმედებით არის შთაგონებული. მაგრიტის გამორჩეულმა ნახატებმა თავის დროზე სიურრეალისტური მოძრაობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ფორმის ავთენტიკური ვერსიები Adidas-ში უკვე იყიდება და მისი ფასი 150 დოლარს შეადგენს.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ბელგია გასვლითი ფორმის დიზაინით ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას პატივს მიაგებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდმა ველოსპორტის კულტურით შთაგონებული მაისურები მოირგო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მუსიკალურ ფესტივალ Tomorrowland-თან ითანამშრომლა, ხოლო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინსპირაციად ცნობილი ბელგიური კომიქსის პერსონაჟი, ტინტინი გამოიყენა. 2026 წლის დიზაინი კი ამ კონცეფციის ყველაზე მაღალმხატვრული გამოხატულებაა.

„ეს არ არის მაისური“

რენე მაგრიტის ხსენებისას ადამიანებს ხშირად მწვანე ვაშლი, შლიაპა და ჩიბუხი ახსენდებათ. მისი შემოქმედება რეალისტური სცენებისა და მოულოდნელი დეტალების სინთეზია (მაგალითად, ჰაერში გამოკიდებული ადამიანები ან მამაკაცის სახეზე დახატული ვაშლი). ახალი მაისური პირდაპირ ეხმიანება მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს „ხატების ღალატი“ (The Treachery of Images), სადაც ჩიბუხს აწერია ფრაზა „ეს არ არის ჩიბუხი“. ამის ანალოგიურად, ნაკრების ფორმის საყელოზე დატანილია წარწერა – „ეს არ არის მაისური“ (Ceci n’est pas un maillot).

მაგრიტის შემოქმედების რამდენიმე ძირითადი მოტივი ახალ დიზაინში იდეალურად არის გაერთიანებული. მაისურის ღია ცისფერი ფონი მხატვრის ნამუშევრებში ასახულ შუადღისა და საღამოს ცას უკავშირდება. მაგრიტი ხშირად იყენებდა სარკისებრ ან განმეორებად მრგვალ ფორმებს, როგორებიცაა ვაშლი, მთვარე თუ მზე. ახალ დიზაინში ეს ელემენტები ვარდისფერ და ცისფერ საფეხბურთო ბურთებადაა გარდაქმნილი, ხოლო პატარა ჰორიზონტალური ხაზები ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის განმარტებით, საფეხბურთო მოედნის საზღვრებს ასახავს.

მართალია, მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ქვეყანა უპირატესობას ტრადიციულ, ეროვნულ ფერებში გადაწყვეტილ ფორმებს ანიჭებს, თუმცა კრეატიული მიდგომები სხვა გუნდებშიც გვხვდება. მაგალითად, წელს განას ნაკრების ფორმა ტრადიციული ქსოვილით (kente) არის შთაგონებული, საფრანგეთის გასვლითი მაისური – თავისუფლების ქანდაკების ფერით, აშშ-ისა და ურუგვაის ნაკრებები კი ძველ, ისტორიულ დიზაინებს უბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, ბელგიის ახალი ვიზუალი მაინც განსაკუთრებულად თამამია. Adidas-მა მაგრიტის ნამუშევრების ზუსტი კოპირების ნაცვლად, ისინი თანამედროვე, ნათელ პრინტად გარდაქმნა, რაც ბელგიას მოედანზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად და გემოვნებიანად ჩაცმულ გუნდად აქცევს.

წყარო: Fast Company