ფსიქიატრები და მკვლევრები აქტიურად სწავლობენ ფენომენს, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ფსიქოზი“ ეწოდება. ეს მდგომარეობა ჩატბოტების ინტენსიური გამოყენების შემდეგ მომხმარებლებში დელუზიური ფსიქიკური კრიზისების განვითარებას გულისხმობს. ლონდონის სამეფო კოლეჯისა და გერმანიის პროტესტანტული გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ფსიქიატრების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა ამ ფენომენის ასახსნელად „გაძლიერების სპირალის“ კონცეფციას გვთავაზობს. მეცნიერების აზრით, ჩატბოტი ადამიანის ბოდვითი იდეების უბრალო, პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მისი დიზაინის სპეციფიკური მახასიათებლები მომხმარებელთან ერთად დელუზიური ნარატივების აქტიურ თანაშექმნას უწყობს ხელს.
კვლევა გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის სამ ძირითად მახასიათებელს, რომლებიც ფსიქიკისთვის ამგვარ საშიშ გარემოს ქმნის. პირველი არის ლინგვისტური თანხვედრა – ჩატბოტები ირეკლავს მომხმარებლის საუბრის სტილს, რაც ადამიანურ ურთიერთობებში ნდობისა და კავშირის დამყარების უძლიერესი ინსტრუმენტია. მეორე ფაქტორია ჰიპერპერსონალიზებული შინაარსის გენერირება, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ხელოვნური ინტელექტი იზიარებს ადამიანის პირად ისტორიასა და იდეებს და ზუსტად ისე აზროვნებს, როგორც ის. მესამე და ყველაზე საშიში ელემენტი კი ჩატბოტის მლიქვნელობისკენ მიდრეკილებაა – ის მუდმივად ეთანხმება და უდასტურებს მომხმარებელს მის აზრებს ყოველგვარი კრიტიკული შეფასებისა და რეალობასთან გადამოწმების გარეშე. შედეგად, იქმნება მძლავრი ექო-ოთახი, სადაც ყალბი რწმენები და ბოდვითი იდეები გამოწვევის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება.
სწორედ ამით განსხვავდება ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული დელუზიები ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტრადიციული ფსიქოზებისგან. წარსულში პაციენტებს წარმოედგინათ, რომ ტელევიზორი ან რადიო ესაუბრებოდათ, თუმცა ჩატბოტები ბუნებრივი ენის გამოყენებით რეალურად პასუხობენ მათ, უდასტურებენ იდეებს და დელუზიური ნარატივის აგებაში ეხმარებიან. მართალია, ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეზაა და დამატებით ტესტირებას მოითხოვს, მაგრამ ხაზს უსვამენ მომხმარებელთა მოწყვლადობასაც – უკვე არსებულ ფსიქიკურ პრობლემებს ან სოციალური გავლენისადმი მიდრეკილებას, რასაც ხშირად ემატება ფიზიკური ფაქტორებიც, რადგან ჩატბოტზე დამოკიდებულების გამო ადამიანები ხშირად საკვების მიღებასა და ძილზეც კი ამბობენ უარს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მკვლევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მკაფიო რეკომენდაციას აძლევენ. ფსიქიატრებმა და კლინიცისტებმა, რომლებიც უჩვეულო იდეების ან რეალობასთან კავშირის გაწყვეტის სიმპტომების მქონე პაციენტებთან მუშაობენ, აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ მათი ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან. ექიმებმა უნდა დაადგინონ ჩატბოტთან ინტერაქციის ხანგრძლივობა, ინტენსივობა, ემოციური მიჯაჭვულობის ხარისხი და გაარკვიონ, ხომ არ გაუზიარა პაციენტმა ხელოვნურ ინტელექტს ისეთი რწმენები, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის არასდროს გაუმჟღავნებია, ან ხომ არ დაერღვა ძილის რეჟიმი მასთან ღამის საუბრების გამო.
წყარო: Futurism

