ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ინდუსტრიის ახალ, დისტოპიურ ტრენდად ხელოვნური ინტელექტითა და კამერებით აღჭურვილი რობოტი ძაღლები იქცნენ. ისინი უკვე აქტიურად პატრულირებენ მონაცემთა ცენტრებში, იცავენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და აკონტროლებენ სპორტულ სტადიონებს.
Business Insider-ის უახლესი მონაცემებით, მიუხედავად მაღალი საწყისი ღირებულებისა, 24-საათიანი უწყვეტი პატრულირებისთვის რობოტის დაქირავება კომპანიებისთვის წლიურად 80 000-დან 130 000 დოლარამდე ზოგავს, რაც მათ ადამიანებზე ბევრად უფრო მიმზიდველ ალტერნატივად აქცევს. რობოტების მწარმოებლები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანური კადრების მუდმივი დენადობა და ტრენინგების საჭიროება ბიზნესისთვის დიდი ტვირთია, რომელსაც ავტომატიზაცია სრულად ხსნის.
ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის დაახლოებით 1.3 მილიონ ადამიანს, რომელთათვისაც უსაფრთხოების დაცვა შემოსავლის მთავარი წყაროა. სტატისტიკურად, ამ სფეროში დასაქმებულთა 60.8%-ს ფერადკანიანები, ხოლო 27.8%-ს 55 წელს ზემოთ მყოფი პირები შეადგენენ, რომელთა მედიანური წლიური ანაზღაურება სულ რაღაც 38 390 დოლარია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში რობოტები დაცვის თანამშრომლებს სრულად ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა მათი შრომა ბევრად მოთხოვნადი გახდება. რუტინულ პატრულირებას მანქანები გადაიბარებენ, ხოლო ადამიანებს მხოლოდ ყველაზე რთული, კრიტიკული და მაღალი რისკის მქონე სიტუაციების მართვა მოუწევთ, რაც მათ სამუშაო პირობებს კიდევ უფრო გაართულებს.
წყარო: Futurism

