სამ, 11 აგვ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
3D და VFX

3D ანიმაციის საფუძვლები: როგორ გავაცოცხლოთ პერსონაჟის მიმიკები Blend Shape-ების დახმარებით

3D დიზაინში საბაზისო მოდელირების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი პერსონაჟისთვის სიცოცხლის შთაბერვაა. ამ პროცესში, განსაკუთრებით კი ბუნებრივი მიმიკების შესაქმნელად, პირველ რიგში, ე....

3D დიზაინში საბაზისო მოდელირების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი პერსონაჟისთვის სიცოცხლის შთაბერვაა. ამ პროცესში, განსაკუთრებით კი ბუნებრივი მიმიკების შესაქმნელად, პირველ რიგში, ე. წ. Blend Shape-ებს უნდა გავეცნოთ. 

ეს არის მეთოდი, რომელიც მოდელის ფორმის დროთა განმავლობაში შეცვლის საშუალებას გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პროგრამაში ტერმინოლოგია განსხვავდება: Maya მას Blend Shape-ს უწოდებს, Blender – Shape Key-ს, ხოლო Unreal Engine 5 – Morph Target-ს.

წარმოიდგინეთ პერსონაჟის ნეიტრალური სახე, რომელმაც უნდა გაიღიმოს. მთავარ მოდელზე ღიმილის ფორმის დამატებით, ჩვენ შეგვიძლია სახის გამომეტყველება ნელ-ნელა, ბუნებრივად შევცვალოთ. ტექნიკურად, ეს პროცესი მოდელის თითოეულ წერტილს (vertex) ეუბნება, რომ A პოზიციიდან B პოზიციაში გადაინაცვლოს. 

თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: წერტილების გადაადგილება ხდება პირდაპირი ხაზით. შესაბამისად, ეს ტექნიკა არ გამოგადგებათ ისეთი ანიმაციისთვის, რომელიც რკალისებრ ტრაექტორიას მოითხოვს, მაგალითად, თვალის კაკალზე ქუთუთოს მოძრაობისას.

ამ ყველაფრის პრაქტიკაში განსახორციელებლად სამი ძირითადი ეტაპი არსებობს.

პირველი ნაბიჯი სამიზნე მოდელების (Morph Targets) შექმნას გულისხმობს. ამისთვის საჭიროა თქვენი მთავარი მოდელის დუბლირება იმდენჯერ, რამდენი განსხვავებული ფორმაც გჭირდებათ. მუშაობის პროცესში უმჯობესია ეს ასლები ერთმანეთისგან მოშორებით განათავსოთ, რათა თითოეულის ინდივიდუალურად დანახვა და დამუშავება შეძლოთ.

მეორე ეტაპი უშუალოდ ფორმების გენერირებაა. თქვენ უნდა შეცვალოთ დუბლირებული მოდელები სასურველი მიმიკის მისაღებად. მართალია, ამის გაკეთება ობიექტის წერტილების ინდივიდუალური გადაადგილებითაც შესაძლებელია, მაგრამ სპეციალური სკულპტურული ინსტრუმენტების გამოყენება გაცილებით სწრაფ და ორგანულ შედეგს იძლევა.

მესამე და დასკვნითი ნაბიჯი მოდელების ერთმანეთთან დაკავშირებაა. პროგრამაში არსებული Blend Shape ხელსაწყოს მეშვეობით, თქვენ უბრალოდ უკავშირებთ მოდიფიცირებულ სამიზნე ობიექტებს მთავარ მოდელს. შედეგად მიიღებთ სპეციალურ კონტროლერს სლაიდერებით, რომელთა მოძრაობითაც პერსონაჟის სახეზე სასურველ ემოციას მარტივად გააცოცხლებთ.

წყარო: Creative Bloq