სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ისტორიაში პირველად შექმნეს ვირუსი. თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს – ეს არის ე. წ. „ბაქტერიოფაგი“, ანუ სპეციფიკური ვირუსი, რომელიც ადამიანებს კი არ აზიანებს, არამედ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ AI-ს მიერ შექმნილმა ვირუსებმა წარმატებით დაამარცხეს E. coli-ის (ნაწლავის ჩხირის) ისეთი ჯიშები, რომლებსაც ბუნებრივი წამლები ვეღარ ერეოდა.
როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია?
მეცნიერებმა გამოიყენეს ზუსტად ისეთივე მიდგომა, როგორითაც ChatGPT მუშაობს, თუმცა სიტყვების ნაცვლად, AI გენეტიკურ კოდებს სწავლობდა. უსაფრთხოების მიზნით, მოდელს მონაცემთა ბაზიდან ამოუშალეს ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის ყველა ვირუსი.
სისტემამ ათასობით ახალი ვარიანტი შეიმუშავა, საიდანაც მეცნიერებმა ლაბორატორიაში 300 მათგანი გამოცადეს. მართალია, მხოლოდ 16 აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ მათი ერთობლიობა რეზისტენტულ ბაქტერიებთან ბრძოლაში საოცრად ეფექტური გამოდგა.
რატომ საუბრობენ ექსპერტები საფრთხეებზე?
ეს მიღწევა მედიცინაში უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის, განსაკუთრებით იმ ინფექციებთან საბრძოლველად, რომლებზეც ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები სერიოზულ რისკებზეც მიუთითებენ.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტექნოლოგია უკვე არსებობს, თუმცა მისი უსაფრთხოდ მართვის წესები ჯერ არ შემუშავებულა. მართალია, ნულიდან რთული და სახიფათო ვირუსის შექმნა ხელოვნური ინტელექტისთვის ჯერ კიდევ ძალიან რთულია, მაგრამ მეცნიერები მოითხოვენ, რომ მკაცრი კონტროლი დაწესდეს არა მხოლოდ თავად AI მოდელებზე, არამედ იმ ლაბორატორიებზეც, სადაც ამ გენეტიკური კოდების ფიზიკური წარმოება ხდება.
წყარო: The Guardian

