SpaceX-მა მთვარესთან დაკავშირებული ამბიციური გეგმების განხორციელება ერთი უცნაური და სრულიად დაუგეგმავი „დაშვებით“ დაიწყო. დიდი მოლოდინის შემდეგ, Falcon 9-ის რაკეტის მიტოვებული ნაწილი, რომელიც კოსმოსში ერთ წელზე მეტია გაშვებულია, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს საათში დაახლოებით 8,700 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა.
რაკეტის ეს კონკრეტული ნაწილი 2025 წლის იანვრის მისიის შემდეგ კოსმოსურ სივრცეში დარჩა. ასტრონომების გამოთვლებით, ძლიერი შეჯახების შედეგად მთვარის ზედაპირზე, სავარაუდოდ, 18-დან 30 მეტრამდე დიამეტრის კრატერი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX წლებია ამზადებს გიგანტურ ხომალდს (Starship) მთვარეზე ტვირთისა და ასტრონავტების გადასაყვანად, ეს მათი აპარატის მთვარის ზედაპირთან შეხების პირველი, თუმცა სრულიად არაკონტროლირებადი შემთხვევაა.
ამ შეჯახებას მთვარისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, რადგან მას დამცავი ატმოსფერო არ გააჩნია, NASA-ს შეფასებით, მსგავსი ენერგიის მქონე მეტეორიტები მას ისედაც ყოველ 6 დღეში ერთხელ ეცემა. თუმცა ამ ფაქტმა ორი მთავარი საკითხი წამოჭრა. პირველ რიგში, შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უყურადღებოდ ხდება კოსმოსური ნარჩენების მართვა. ორბიტაზე რაკეტის გამოყენებული ნაწილების უბრალოდ მიტოვება სამომავლოდ საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში (1970-იანებსა და 2009 წელს) NASA-ს მსგავსი ხელოვნური შეჯახებები კვლევის მიზნით სპეციალურადაც მოუწყვია, ასტრონომები SpaceX-ის ამ შემთხვევითი კრატერის შესწავლასაც გეგმავენ. დაბალი გრავიტაციის პირობებში აფეთქების შედეგად გაფანტული მასალის დაკვირვება მათ საინტერესო ფიზიკურ მონაცემებს მიაწვდის.
საბოლოო ჯამში, ეს მოვლენა დედამიწისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა კოსმოსური ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი მკაფიო შეხსენებაა, რომ ორბიტაზე დარჩენილი უსარგებლო აპარატურის კონტროლი უკვე აუცილებლობაა.
წყარო: Futurism

