თუ მგზავრობისას ტელეფონში ყურება თქვენში თავბრუსხვევას და გულისრევის შეგრძნებას იწვევს, მარტო არ ხართ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Apple-მა iPhone-ში დამალა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან ეფექტური ფუნქცია — „Vehicle Motion Cues“, რომელიც ეკრანის კიდეებზე მოცეკვავე წერტილებს აჩენს.
როგორ მუშაობს სისტემა?
მგზავრობისას ცუდად გახდომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ თქვენი შიდა ყური და სხეული გრძნობს მოძრაობას, მაგრამ თვალები უყურებს უძრავ ეკრანს – ეს სენსორული დისბალანსი ტვინს აბნევს. iPhone-ის ახალი წერტილები ტელეფონის აქსელერომეტრის დახმარებით ზუსტად ისე მოძრაობს, როგორც თავად ავტომობილი. შედეგად, ტვინი ვიზუალურადაც აღიქვამს სივრცეში გადაადგილებას, სხეულის რეფლექსები მშვიდდება და დისკომფორტიც ქრება.
როგორ ჩავრთოთ ფუნქცია?
ამ წერტილების გასააქტიურებლად თქვენს ტელეფონში მიჰყევით მარტივ გზას:
-
Settings > Accessibility > Motion > Vehicle Motion Cues
შეგიძლიათ მონიშნოთ ავტომატური რეჟიმი, რათა ფუნქცია მხოლოდ ტრანსპორტში ჩაჯდომისას გააქტიურდეს. სხვათა შორის, მსგავსი ალტერნატიული აპლიკაციები უკვე არსებობს Android-ისთვისაც.
ერთი ირონიული მინუსი
მომხმარებლებისა და ექსპერტების ნაწილისთვის ეს ფუნქცია ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა, თუმცა მას ერთი თანმდევი ეფექტიც აქვს. თუ აქამდე მგზავრობისას ცუდად გახდომის შიშით ტელეფონს თვალს ვწყვეტდით და ფანჯარაში ვიყურებოდით, ახლა ეს ბარიერიც მოიხსნა. საბოლოო ჯამში, ინოვაციური წერტილები უბრალოდ კიდევ უფრო მეტ დროს გვატარებინებს ეკრანთან.
წყარო: BBC

