სამ, 11 აგვ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

ხელოვნური ინტელექტი მწერლების წინააღმდეგ

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ შემოქმედებითი წერის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. ვილანოვას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა,...

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ შემოქმედებითი წერის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. ვილანოვას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მკითხველები ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ მოთხრობებს უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ, ვიდრე რეალური ავტორების შექმნილ ისტორიებს. ამასთან, მონაწილეების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ მათთვის მოსაწონი ტექსტები სწორედ ადამიანის დაწერილი იყო.

კვლევაში 18-დან 81 წლამდე ასაკის ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ პროფესიონალი მწერლებისა და ChatGPT-ის მიერ შექმნილი მოთხრობები წააკითხეს. შედეგებმა ცხადყო, რომ საზოგადოებას უჭირს ადამიანი მანქანისგან განასხვაოს – მკითხველებმა უმაღლესი შეფასება დაუწერეს იმ ტექსტებს, რომლებზეც უთხრეს, რომ ადამიანის შექმნილი იყო, თუმცა სინამდვილეში ისინი ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნოდა. მეცნიერების აზრით, ეს ხაზს უსვამს ჩვენს ქვეცნობიერ მიკერძოებას – ჩვენ გვინდა, რომ ისტორია რეალური ადამიანისგან ვისმინოთ, თუმცა პრაქტიკაში AI-ის სტილი უფრო მოგვწონს.

რატომ იმარჯვებს ალგორითმი? კვლევის ავტორის, დოქტორ დინა ვაისბერგის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ტექსტი უფრო ნათელი, პირდაპირი და აღსაქმელად მარტივია. ამის საპირისპიროდ, ადამიანების მიერ დაწერილი ისტორიები ხშირად უფრო რთული და მრავალშრიანია, რაც ტვინისგან მეტ ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვს. როგორც ჩანს, მკითხველების უმეტესობა უპირატესობას სწორედ სიმარტივესა და პროგნოზირებადობას ანიჭებს.

საინტერესოა ისიც, რომ ტესტირებისას ავტორის ვინაობის გამოცნობა ყველაზე კარგად არა ლიტერატურის ექსპერტებმა, არამედ იმ ადამიანებმა შეძლეს, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის კარგი პრაქტიკა ჰქონდათ. კვლევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საზოგადოების წარმოდგენა AI-ის შესაძლებლობებზე უკვე მოძველებულია და გავრცელებული მოსაზრება, თითქოს შემოქმედებითი წერა მხოლოდ ადამიანური ემოციებისა და გამოცდილების ექსკლუზივია, რეალობას აღარ შეესაბამება.

წყარო: BBC