AI სფეროსა და ტექნოლოგიური სტარტაპების ამჟამინდელ სარეკლამო კამპანიებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: სპეციფიკური, ხშირად გაუგებარი ტონი. ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის თანამედროვე პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით რეკლამებს, რომლებიც თითქოს უშუალოდ მომხმარებელს მიმართავენ, თუმცა მათი შინაარსი განზრახ ბუნდოვანი ან თუნდაც მუქარის შემცველია (მაგალითად: „შეწყვიტე ადამიანების დაქირავება“). ამ ტენდენციას კომიკოსები, ჰარის ალტერმანი და დეივ როსი, ორიგინალურად გამოეხმაურნენ. მათ შექმნეს ყალბი სარეკლამო ბანერები, რომლებიც ამ ინდუსტრიის ტროპებს, მინიმალიზმსა და აბსურდულ ტექსტებს აშარჟებს.

პაროდიული კამპანია ნიუ-იორკის მეტროში
კომიკოსების მიერ შექმნილი ყალბი ბანერები ნიუ-იორკის მეტროსადგურში განთავსდა და სრულიად ალოგიკურ კითხვებს სვამს, როგორიცაა: „რა მოხდებოდა, ჩანგლები კოვზები რომ ყოფილიყო?“ ან რეკლამირებას უწევს ყალბ კომპანიებს ადამიანური სახელებით. ერთ-ერთი რეკლამა რებრენდინგის პროცესს დასცინის ტექსტით: „Zipline ახლა Froggle-ია“, მეორე კი სრულიად უშინაარსო დაპირებას იძლევა: „თქვენ გვიხდით ჩვენ, ჩვენ გიხდით თქვენ“. ეს ნამუშევრები პირდაპირაა შთაგონებული რეალური სარეკლამო კამპანიებით, სადაც ტექსტებისა და ვიზუალების კონტექსტი ხშირად სრულიად აცდენილია პროდუქტის რეალურ დანიშნულებასა თუ სამიზნე აუდიტორიას.

კომიკოსები AI რეკლამების ამ ერთფეროვან დიზაინს, ფონტებსა და ტონს „Slop Voice“-ს უწოდებენ. მარკეტინგული თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად პერსონალიზებული მიმართვისა, ეს კამპანიები რეალურად არა ფართო აუდიტორიას, არამედ ვიწრო, SaaS-ტერმინოლოგიაზე მოსაუბრე ტექნოლოგიურ ჯგუფებს ესაუბრება. ალტერმანისა და როსის თქმით, ტექსტების მკითხველთა 99%-მა საერთოდ არ იცის, რაზეა საუბარი და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ტექნოლოგიური სფეროს 20 წარმომადგენელი რეკლამას უკეთებს ამავე სფეროს სხვა 20 ადამიანს. ისინი ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ამხელა ბიუჯეტების ხარჯვას ჯობდა, ამ ხალხს უბრალოდ საერთო ჯგუფური ჩატი შეექმნა.
პროექტის განხორციელებისას როსმა ბანერები Photoshop-ში შექმნა, ვებსაიტები კი HTML/CSS და Javascript-ის გამოყენებით ააწყო. მართალია, ეს ტექნოლოგიური კომპანიები არ არსებობენ, მაგრამ პროექტს მაინც აქვს გარკვეული კომერციული დატვირთვა – კომიკოსები საკუთარი ბრენდის, Goofstump-ის ქვეშ თემატურ სუვენირებს ყიდიან.

ისინი სამომავლოდ მეტი ყალბი რეკლამის შექმნას და ოფიციალური არტ-ინსტალაციისთვის ნიუ-იორკის სატრანსპორტო სააგენტოსთან (MTA) თანამშრომლობასაც გეგმავენ. თუმცა ფინანსური გამოწვევებიც არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი პაროდიული დომენის (როგორიცაა შეთავაზება: „ღარიბი ხარ? გაყიდე შენი ქონება“) შეძენა 700 დოლარამდე ჯდება, რაც, მათი თქმით, უბრალო ხუმრობისთვის ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა.
წყარო: Fast Company

