სამ, 11 აგვ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მომავლის ტექნოლოგიები

როგორ გარდაიქმნა ვირტუალური სათამაშო სამყარო ბრიტანელი ჯარისკაცების საწვრთნელად

ათწლეულების განმავლობაში ჯარისკაცები ვირტუალურ გარემოში ვარჯიშობდნენ, თუმცა ბრიტანული კომპანია Skyral-ის ახალი ტექნოლოგია სრულიად სხვა საფეხურზე გადადის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული 2...

ათწლეულების განმავლობაში ჯარისკაცები ვირტუალურ გარემოში ვარჯიშობდნენ, თუმცა ბრიტანული კომპანია Skyral-ის ახალი ტექნოლოგია სრულიად სხვა საფეხურზე გადადის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული 2 მილიარდ ფუნტიანი კონტრაქტის ფარგლებში, ტრადიციულ კომპიუტერულ თამაშებსა და ფრენის მარტივ სიმულატორებს ახლა მთელი ქალაქებისა და ქვეყნების ინტელექტუალური ასლები – „ციფრული ტყუპები“ ანაცვლებს.

ახალი სიმულაციების მთავარი უპირატესობა მოვლენათა ჯაჭვური რეაქციის, ანუ „მეორე რიგის შედეგების“ პროგნოზირებაა. სისტემა მხოლოდ იარაღის გამოყენებას კი არ გასწავლით, არამედ გაჩვენებთ, რა მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებას. მაგალითად:

  • თუ რაკეტა ხალხმრავალ ქუჩას მოხვდება, სიმულაციაში არსებული მოსახლეობა (რომელიც რეალური დემოგრაფიული მონაცემებით არის შექმნილი) პანიკაში ჩავარდება.

  • მაგრამ თუ იგივე რაკეტა ზამთრის ცივ დღეს ელექტროსადგურს გაანადგურებს, ვირტუალური ადამიანების ქცევა იცვლება და ისინი სრულიად სხვა ლოკაციებზე დაიწყებენ თავშესაფრის ძებნას.

ეს სამხედროებსა და ტაქტიკოსებს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაინახონ, როგორ იმოქმედებს მათი ნაბიჯები ლოგისტიკაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ქცევაზე.

სამხედრო სფეროში ახალი ტექნიკის გამოცდა ან მასშტაბური საველე წვრთნების ჩატარება კოლოსალურ ხარჯებთან და ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. ციფრული მოდელირება კი უსაფრთხო და იაფი ალტერნატივაა. სარდლობას შეუძლია ნებისმიერი თამამი იდეა – მაგალითად, უდაბნოში სამხედრო ბანაკისთვის მზის პანელების დამონტაჟება ან ჰიბრიდული ტანკის შექმნა – ჯერ სიმულაციაში დატესტოს და მხოლოდ გაამართლების შემთხვევაში დახარჯოს რეალური ბიუჯეტი.

საბოლოო ჯამში, ყველა იზოლირებული მონაცემი – ელექტროქსელების რუკებიდან დაწყებული, მოსახლეობის ასაკით დამთავრებული – ერთ სივრცეში ერთიანდება. შედეგად, არმია სწავლობს არა მხოლოდ იარაღის მართვას, არამედ იმას, თუ როგორ მიიღოს რთული, მრავალკომპონენტიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

წყარო: The Guardian