შაბ, 27 ივნ, 2026
მეცნიერება

ყავის ნარჩენებისგან მაღალეფექტიანი საწვავის მიღების 90-წამიანი ინოვაციური მეთოდი

ყავის სველი ნალექისგან მაღალეფექტიანი საწვავის მისაღებად ზუსტად იმდენივე დროა საჭირო, რამდენიც ერთი ფინჯანი ყავის მომზადებას სჭირდება. სამხრეთ კორეის გეომეცნიერებისა და მინერალური რესურსების...

ყავის სველი ნალექისგან მაღალეფექტიანი საწვავის მისაღებად ზუსტად იმდენივე დროა საჭირო, რამდენიც ერთი ფინჯანი ყავის მომზადებას სჭირდება. სამხრეთ კორეის გეომეცნიერებისა და მინერალური რესურსების ინსტიტუტის (KIGAM) მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებულ ყავის ნარჩენებს უმაღლესი ხარისხის ნახშირად, ე. წ. ბიონახშირად გარდაქმნის. პროცესი დასაწყისიდან ბოლომდე სულ რაღაც 90 წამს იკავებს და არ მოითხოვს შრობის ხანგრძლივ, დამღლელ პროცედურებსა თუ ზეთის განცალკევებას.

ყოველწლიურად მსოფლიოში 8-დან 10 მილიონ ტონამდე მაღალი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ყავის ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის უდიდესი ნაწილი საბოლოოდ ნაგავსაყრელებზე ხვდება. მართალია, აქამდეც არსებობდა გადამუშავების სხვა ტექნოლოგიები, თუმცა ნარჩენებში ტენიანობის მაღალი დონე ენერგიის მიღების პროცესს ურთულეს ამოცანად აქცევდა. ამ დაბრკოლების გადასალახად მეცნიერებმა გამოიყენეს მეთოდი, რომელსაც ალის პლაზმური პიროლიზი (FPP) ეწოდება. ამ დროს ყავის ნარჩენები პლაზმის გამოყენებით უზარმაზარი წნევისა და 1652 გრადუსი ფარენჰეიტის ტემპერატურის ქვეშ ექცევა. სუპერგახურების შედეგად მარცვლებში ჩარჩენილი ტენი ათასობით მიკროსკოპულ აფეთქებას იწვევს, ქმნის ფოროვან სტრუქტურას და ბიომასას 83.3 პროცენტით ამცირებს.

დამუშავების შედეგად მკვლევრებმა მიიღეს ნივთიერება, რომელიც ენერგეტიკული მახასიათებლებით ანთრაციტის ტიპის ნახშირის ეკვივალენტურია. კვლევის წამყვანი ავტორის, ტეჯუნ პარკის განმარტებით, მიღებული ბიონახშირი არა მხოლოდ შესანიშნავი საწვავია, არამედ ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიულ და ეკოლოგიურ სფეროებშიც. გარდა იმისა, რომ ახალმა მეთოდმა გადამუშავების საათობრივი დრო წუთებამდე შეამცირა, ის გაცხელებისას მკვეთრად ზღუდავს კვამლისა და კუპრის მსგავსი მავნე დამაბინძურებლების გამოყოფას. მეცნიერები გეგმავენ, რომ ეს ინოვაციური მიდგომა სხვა მაღალი ტენიანობის მქონე ორგანულ ნარჩენებზეც გაავრცელონ და მასობრივი კომერციალიზაციისთვის სრულყონ, რაც ნარჩენებს პრობლემიდან ღირებულ ენერგეტიკულ რესურსად აქცევს.

წყარო: Futurism