2017 წლის შემდეგ პირველად, ჩინურმა სუპერკომპიუტერმა ტექნოლოგიური სიმძლავრის განმსაზღვრელ გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. შენჟენში მდებარე ახალმა სისტემამ, სახელად LineShine, სამშაბათს გამოქვეყნებულ Top500-ის სიაში აშშ-ის წამყვანი სუპერკომპიუტერი El Capitan ჩამოიტოვა.
ჩინეთის ეროვნული სუპერკომპიუტერული ცენტრის სისტემამ 2.198 ეგზაფლოპსის (exaflops) სიმძლავრეს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წამში 2 კვინტილიონზე მეტი გამოთვლის შესრულება შეუძლია. სხვა მაღალი წარმადობის სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის ძირითადად გრაფიკულ პროცესორებს (GPU) იყენებენ, LineShine სრულად ტრადიციულ კომპიუტერულ ჩიპებზე (CPU) მუშაობს.
მისი ოპერირებისთვის 42.2 მეგავატი ელექტროენერგიაა საჭირო. ზოგადად, სუპერკომპიუტერები ჩვეულებრივ კომპიუტერებზე 1000-ჯერ სწრაფია და გამოიყენება ისეთი რთული ამოცანებისთვის, როგორებიცაა:
-
სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება;
-
კლიმატური სისტემების მოდელირება;
-
ბირთვული აფეთქებების სიმულაცია;
-
ადამიანის ქცევის პროგნოზირება და ვირტუალური იარაღის ტესტირება.
ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ოფიციალურად დადასტურებული „ეგზასკეილ“ კომპიუტერია, რომლებიც რეიტინგის სათავეს ინაწილებენ:
-
LineShine (ჩინეთი)
-
El Capitan (აშშ, კალიფორნია – ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორია)
-
აშშ-ის სუპერკომპიუტერი (ტენესის ეროვნული ლაბორატორია)
-
აშშ-ის სუპერკომპიუტერი (ილინოისის ეროვნული ლაბორატორია)
-
Jupiter (გერმანია)
საუკეთესო ათეულში ასევე წარმოდგენილნი არიან იტალია, შვეიცარია და იაპონია. 500-კომპიუტერიან სიაში დიდ ბრიტანეთს 11 სისტემა უფიქსირდება, საიდანაც საუკეთესო შედეგი მე-11 ადგილზე მყოფ Isambard-AI-ს აქვს. ავსტრალიის 4 მოწყობილობიდან კი მოწინავე პოზიციას (86-ე ადგილი) Setonix იკავებს.
აშშ-ისა და ჩინეთის ტექნოლოგიური ლიდერობის დასაწევად, ევროკავშირმა გასულ წელს 20-მილიარდიანი (ევრო) გეგმა წარადგინა. პროექტი გულისხმობს უზარმაზარი სუპერკომპიუტერებით აღჭურვილი AI „გიგაქარხნების“ მშენებლობას ჯანდაცვის, ბიოტექნოლოგიების, რობოტიკისა და ინდუსტრიული აღმოჩენებისთვის. მაშინ როცა საუკეთესო AI ქარხნებს 25 000-მდე პროცესორი აქვს, ევროპული გიგაქარხანა 100 000-ზე მეტი AI პროცესორით იქნება აღჭურვილი.
თუმცა პროექტი ეკოლოგიურ შეშფოთებასაც იწვევს. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ ელექტროენერგიისა და გასაგრილებელი წყლის უზარმაზარი მოხმარება ევროპის კლიმატურ მიზნებს საფრთხეს შეუქმნის. ამის საპასუხოდ, ევროკავშირის სტრატეგია მოითხოვს, რომ მსგავსმა დაწესებულებებმა მაქსიმალურად გამოიყენონ მწვანე ენერგია და უზრუნველყონ წყლის რეციკლირება.
წყარო: The Guardian

