ვიდეოთამაშების სამყაროში წარმატების მისაღწევად ყოველთვის არ არის აუცილებელი მაღალბიუჯეტიანი გრაფიკა და მასშტაბური მარკეტინგი. ზოგჯერ მთავარი იარაღი გარემოსთან შერწყმაა. ახალმა ინდი თამაშმა ბავშვობის საყვარელი დამალობანა ფერად ფენომენად აქცია და დაამტკიცა, რომ კამუფლაჟი შეიძლება ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელი აღმოჩნდეს.
Meccha Chameleon, რომელიც დამოუკიდებელმა დეველოპერმა ფსევდონიმით lemorion_1224 შექმნა, Steam-ზე გამოსვლიდან სულ რაღაც ოთხ დღეში 1 მილიონზე მეტი ასლის ტირაჟით გაიყიდა. ხელმისაწვდომმა მულტიფლეიერმა სწრაფად მიიზიდა მოთამაშეებისა და კონტენტ-კრიატორების ყურადღება და წლის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდი ჰიტად იქცა.
თამაშის საწყისი ფასი 5 დოლარზე ნაკლები იყო, თუმცა მან კოლოსალურ წარმატებას მიაღწია. 15 ივნისის მონაცემებით, თამაშში ერთდროულად ჩართული მოთამაშეების (Concurrent players) რაოდენობამ 95 000-ს გადააჭარბა. ამხელა მიღწევის მიუხედავად, დეველოპერმა წარმატება მოკრძალებულად აღნიშნა და მოთამაშეებს მხარდაჭერისთვის მხოლოდ მოკლე მესიჯით გადაუხადა მადლობა.
თამაშის მექანიკა მარტივი, მაგრამ ძალიან კრეატიულია. მოთამაშეები რაუნდს სრულიად თეთრი პერსონაჟებით იწყებენ და თამაშში არსებული საღებავების პალიტრის გამოყენებით გარემოს უნდა შეერწყან. იმის ნაცვლად, რომ რაიმე კონკრეტულ ობიექტად გადაიქცნენ, დასამალად მათ ფერებისა და ტექსტურების ზუსტი შეხამება უწევთ. ისინი ინიღბებიან როგორც კედლები, ჩრდილები, აბრები და ფონის სხვა ელემენტები, სანამ მაძიებლები მათ პოვნას დროის ამოწურვამდე ცდილობენ.
ეს მექანიკა განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა სტრიმერებში. ქაოსურმა რაუნდებმა და სულ უფრო კრეატიულმა შენიღბვის გზებმა TikTok-ზე, Twitch-სა და YouTube-ზე უამრავი ვირუსული ვიდეო წარმოშვა, რამაც თამაშის პოპულარობა კიდევ უფრო დააჩქარა.
Meccha Chameleon იმ ხელმისაწვდომი მულტიფლეიერების მზარდ სიას შეუერთდა, რომლებმაც ტრადიციული რეკლამის ნაცვლად წარმატებას ინტერნეტკულტურისა და მოთამაშეების რეკომენდაციების (word-of-mouth) წყალობით მიაღწიეს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ირონია აშკარაა: თამაში, რომელიც გაუჩინარებაზეა აგებული, მოულოდნელად ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი შეუმჩნევლობა უბრალოდ შეუძლებელია.

