თანამედროვე სამუშაო გარემოში, სადაც თანამშრომლებს მეტი დამოუკიდებლობა სურთ, ხოლო მენეჯერები პროდუქტიულობის მაქსიმალურ კონტროლს ცდილობენ, დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ძალიან მალე კომპანიების ხელმძღვანელებს პერსონალის საკონტროლებლად კიდევ ერთი ახალი ციფრული იარაღი ექნებათ.
Microsoft Teams-ში ჩაშენებული პროგრამა, სახელწოდებით Workplace Check-in, რომელიც თავდაპირველად ოთახების დასაჯავშნად იყო შექმნილი, ფუნქციებს საგრძნობლად იფართოებს. საინფორმაციო პორტალ PC World-ის ცნობით, ახალი გაფართოების ამოქმედების შემდეგ, სისტემა თანამშრომლის Wi-Fi კავშირს გააანალიზებს და მის ზუსტ ადგილსამყოფელს – კერძოდ კი იმას, თუ რომელ შენობაში იმყოფება ის მოცემულ მომენტში – ავტომატურად გაუზიარებს გუნდის წევრებსა და, რა თქმა უნდა, უშუალო ხელმძღვანელს.
2025 წლის ბოლოს დაწყებული არაერთი ტექნიკური შეფერხებისა და გადავადების შემდეგ, ახალი ფუნქციის ოფიციალურად ჩაშვება ივნისის ბოლოს იგეგმება.
ტექნოლოგიური გიგანტი თავს იზღვევს და აცხადებს, რომ პროგრამა სტანდარტულად გათიშული იქნება. კომპანიის მტკიცებით, ლოკაციის გაზიარებაზე უარის თქმის ან მისი ჩართვის უფლება მხოლოდ უშუალო მომხმარებელს, ანუ დასაქმებულს ექნება.
ამ თემასთან დაკავშირებით, Microsoft-ის გუნდური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლან იემ პლატფორმა Reddit-ზე მომხმარებელთა მწვავე კრიტიკასაც უპასუხა. ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვაზე, თუ რატომ ცდილობს Teams ყოველ ნაბიჯზე დასაქმებულების „დაბეზღებას“, იემ აღნიშნა, რომ აპლიკაცია არ არის სათვალთვალო ხელსაწყო. მისი განმარტებით, სისტემა არ აკონტროლებს ადამიანების მოძრაობას, არ აღრიცხავს დასწრებას და არ ინახავს ლოკაციის ისტორიულ მონაცემებს. ის მხოლოდ ნებაყოფლობითი დამხმარე ინსტრუმენტია იმისთვის, რომ კოლეგებმა საოფისე და დისტანციური მუშაობის უკეთ კოორდინირება შეძლონ.
მართალია, ტექნიკური თვალსაზრისით Microsoft-ის არგუმენტები სიმართლეს შეესაბამება და თავად კორპორაცია არ უთვალთვალებს მომხმარებლებს, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მკაცრია. დამსაქმებლებსა და მენეჯერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დისციპლინური პასუხისმგებლობის მუქარით, პირდაპირ აიძულონ თანამშრომლები, ჩართონ ლოკაციის გაზიარების ფუნქცია.
შესაბამისად, ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე გადაიღალნენ სამუშაო სივრცეში არსებული მუდმივი ციფრული მეთვალყურეობით, ტექნოლოგიური კომპანიის გამართლება უბრალო სიტყვების თამაშია. ფაქტი ერთია: Microsoft საკუთარი ხელით აძლევს კომპანიებს მძლავრ იარაღს, რომლითაც თანამშრომლებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
წყარო: Futurism

