სატურნის უდიდესი მთვარე, ტიტანი, მზის სისტემაში ერთადერთი ცნობილი თანამგზავრია, რომელსაც დედამიწისაზე თითქმის 50 პროცენტით დიდი, სქელი ატმოსფერო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს Dragonfly მისია ჯერ კიდევ შორსაა, კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები უკვე განიხილავენ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ ციურმა სხეულმა მშობლიური პლანეტის მიღმა ჩვენს შორეულ სამომავლო ექსპედიციებში. NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის ასტრონომის, კონორ ნიქსონის ხელმძღვანელობით მომზადებულ ახალ კვლევაში (რომელიც ახლა რეცენზირების ეტაპზეა), ტიტანზე არსებული რესურსების მრავალმხრივი გამოყენების პერსპექტივებია შესწავლილი.
ტიტანი წარმოადგენს რთული ნახშირწყალბადების იმდენად მდიდარ წყაროს (როგორც თხევადი, ისე მყარი სახით), რომ ის შორეულ კოსმოსში მოგზაურობისას უძვირფასეს სატრანზიტო და მოსასვენებელ სადგურად შეიძლება იქცეს. ადგილობრივი რესურსების გამოყენების (ISRU) კონცეფცია, რაც დედამიწიდან მასალების წაღების უზარმაზარი ხარჯების თავიდან აცილებას გულისხმობს, მთვარესა და მარსზე უკვე აქტიურად განიხილება. თუმცა რთული ნახშირწყალბადების ხელმისაწვდომობის კუთხით, ტიტანი მათ ბევრად აღემატება, რადგან მარსსა და მთვარეზე მათი მოპოვება გაცილებით რთულია. როგორც ნიქსონი აღნიშნავს, ეს მთვარე ფაქტობრივად გადაჭედილია იმ რესურსებით, რასაც დედამიწაზე ნავთობსა და ბუნებრივ აირს ვუწოდებთ.
კვლევის თანახმად, ტიტანის ზედაპირზე შესაძლებელია ისეთი მძიმე ნახშირწყალბადების პოვნა, როგორებიცაა პროპანი, ბუტანი, ნავთი და ბენზინიც კი. ამ მარაგების გამოყენება არა მხოლოდ იდეალურ სარაკეტო საწვავად არის შესაძლებელი (რისი დამზადებაც მარსსა და მთვარეზე ურთულეს მრავალეტაპიან პროცესებს მოითხოვდა), არამედ მათგან უამრავი საჭირო პროდუქტის მიღებაც შეიძლება. მათ შორისაა პლასტმასა, სინთეტიკური რეზინი, სხვადასხვა გამხსნელი, სასუქი, პრინტერის მელანი, ფარმაცევტული პრეპარატები და საკვებიც კი. ეს ყველაფერი პლანეტაზე არსებულ ჟანგბადსა და აზოტთან ერთად ტიტანს ხანგრძლივი კოსმოსური ვოიაჟებისთვის იდეალურ მარაგების შემვსებ ბაზად აქცევს.
რასაკვირველია, ტიტანზე ბაზის მოწყობა მარტივი ამოცანა არ არის და რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ზედაპირზე ტემპერატურა საშუალოდ -290 გრადუს ფარენჰაიტს უტოლდება, რაც იმდენად კრიოგენული, ცივი გარემოა, რომ მეთანისა და ეთანის თხევადი მდინარეები მიედინება. ამასთან, ატმოსფერული წნევა დედამიწისაზე 50 პროცენტით მაღალია, ხოლო გრავიტაცია ჩვენი პლანეტის მიზიდულობის მხოლოდ ერთ მეშვიდედს შეადგენს. დამატებითი გამოწვევაა ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებელი ჟანგბადის ნაკლებობაც მოიპოვება, რომლის თავისუფალი სახით მიღებაც ელექტროლიზის პროცესის გამოყენებას მოითხოვს.
მიუხედავად ამ მკაცრი პირობებისა და იმისა, რომ მიმდინარე თუ უახლოეს მომავალში დაგეგმილ რობოტულ მისიებს (მაგალითად, Dragonfly) ტიტანის რესურსები არ სჭირდება, მეცნიერები მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ. კონორ ნიქსონის გუნდის დასკვნით, ეს უნიკალური რესურსები და სიმდიდრე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. მართალია, ტიტანი სრულფასოვანი მუდმივი ჰაბიტატისთვის ჯერ კიდევ ზედმეტად რთულ სამყაროდ რჩება, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მზის სისტემის გარე საზღვრებისკენ მიმართულ უფრო ამბიციურ მისიებამდე მივა, ის აუცილებლად შეასრულებს შეუცვლელი რესურსცენტრის როლს.
წყარო: Futurism

