ზოგჯერ მაღაზიები არა მხოლოდ მათი პრაქტიკულობის, არამედ მომხიბვლელობისა და განსხვავებული კონცეფციის გამოც გვიზიდავს. ჰონგ-კონგში სწორედ ასეთი, სიახლის ეფექტზე გათვლილი ახალი ობიექტი იხსნება, რომელსაც ერთი ჰუმანოიდი რობოტი გაუძღვება. საინფორმაციო გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, ეს ხმაურიან ქალაქში მსგავსი ტიპის უპრეცედენტო პროექტი იქნება.
რობოტი „Xiao Gai“ და მისი შესაძლებლობები
ჰუნგ ჰომის (Hung Hom) სანაპიროზე განთავსებულ 24-საათიან პორტატიულ „კაფსულაში“ მომხმარებლებს პეკინური ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის კომპანიის, Galbot-ის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი, სახელად „Xiao Gai“ მოემსახურება. რობოტის სიმაღლე დაახლოებით 167 სანტიმეტრია, ხოლო ხელების შლილი – 182 სანტიმეტრი. ამ ფიზიკური მონაცემების დახმარებით ის მარტივად შეძლებს თაროების შევსებას, ნივთების გადმოღებასა და სალაროსთან მომხმარებლების მომსახურებას.
კომპანია Galbot-ის განცხადებით, უშუალოდ მუშაობის პროცესში რობოტს მეგობრული საუბრის წამოწყება და რამდენიმე ენაზე კომუნიკაცია შეუძლია. მაღაზიის პროდუქციის ასორტიმენტი კი წასახემსებლებიდან დაწყებული, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებით დამთავრებული, საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება.
ინიციატივას ზურგს უმაგრებს „ჰონგ-კონგის საინვესტიციო კორპორაცია“, რომელიც პროექტს აფასებს, როგორც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო ხელშესახები ფორმით შემოსვლის ნიშანს.
ავტორები ვარაუდობენ, რომ ობიექტის უნიკალურობა და სიახლე ამ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა ნაკადს დაახლოებით 40 პროცენტით გაზრდის. პირველი მაღაზიის წარმატების შემთხვევაში, Galbot სამომავლოდ კიდევ ათ სხვადასხვა ქალაქში 100 მსგავსი რობოტიზებული კაფსულა-მაღაზიის გახსნას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის კონცეფცია ძალიან სახალისოა, ეს სამუშაო სივრცეებში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების კიდევ ერთი აშკარა ტენდენციაა. მაგალითად, მაისში Japan Airlines-მა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ, ტოკიოს ჰანედას აეროპორტში ბარგის გადამზიდავებად რობოტების ტესტირება უკვე დაიწყო.
მეორე მხრივ, მსგავს ექსპერიმენტებს თან ახლავს სერიოზული ტექნიკური და მენეჯერული რისკებიც. მიმდინარე წლის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვირუსული ვიდეო, სადაც რესტორნის რობოტი მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან და ჭურჭლის სროლა დაიწყო, რისი გაკონტროლებაც თანამშრომლებს ძალიან გაუჭირდათ.
გარდა ფიზიკური გაუმართაობისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რობოტების მიერ ბიზნესის მართვის უნარიც. ამის ნათელი მაგალითია სტოკჰოლმში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ყავის მაღაზიის დამოუკიდებლად მართვა დაევალა. ამ პროგრამამ სულ რაღაც ერთ თვეში ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სრულიად გაფლანგა და ისეთი აბსურდული ლოგისტიკური შეცდომები დაუშვა, როგორიც 3000 ცალი ლატექსის ხელთათმანის შეკვეთა იყო. შესაბამისად, ახალი კაფსულა-მაღაზიის ბედიც დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად გაართმევს თავს „Xiao Gai“ კრიზისულ სიტუაციებსა და ბიუჯეტის მართვას.
წყარო: Futurism

